ბლოგი

მინის ჭურჭელი – მახასიათებლები და უპირატესობები

დღეს მინის ტარას ფართოდ იყენებენ როგორ საკვებ, ასევე ქიმიურ, ფარმაცევტულ და პარფიუმერულ-კოსმეტიკურ მრეწველობაში.

ასეთი ფართო სპექტრი მინის ტექნიკური თვისებებით არის განპირობებული. დღესდღეობით მინის ქილები და მინის ბოთლები პროდუქტის დასაფასოებლად და შესანახად საუკეთესო და, ზოგიერთ შემთხვევაში, ნამდვილად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

რა არის მინა?

მინა წარმოადგენს სილიკატის საფუძველზე მყოფი რთული დნობის პროდუქტს. მინა იწარმოება სხვადასხვა მასალისგან, რომლებიც

იყოფა ძირითად და დამხმარე ნაწილებად:

  • ძირითადი ნაერთებია: ნატრიუმისა და კალიუმის ოქსიდები; კალციუმის, მაგნიუმის, ბარიუმის, ალუმინი III-ის ოქსიდები.
  • დამხმარე დანამატებია: საღებავები, გამაუფერებლები (გამოიყენება გამჭვირვალე მინის ტარის წარმოებისას), ჩამქრობები (გამოიყენება ფერადი მინის ტარის წარმოებისას).

გამჭვირვალე, უფერული მინის დამზადება და ნაკეთობის გამობერვით ფორმირება დაიწყეს ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, ხოლო მინის წარმოების შესახებ პირველ სამეცნიერო შრომად მიჩნეულია ფლორენციაში 1612 წელს გამოქვეყნებული წიგნი „მინის ხელოვნება“. მისი ავტორია  ანტონიო ნერი (1576-1614) – ფლორენციელი მღვდელმსახური, ამასთანავე – ფიტომედიცინის მცოდნე, ალქიმიკოსი და მინის ოსტატი.

მინის წარმოების პროცესი

მინის ბოთლების დამზადება და, ზოგადად, მინის წარმოების ტექნოლოგია მოიცავს შემდეგ ძირითად პროცესებს:

  • ნედლეული კომპონენტების მომზადება;
  • კაზმის მიღება (კაზმი არის მეტალურგიულ ღუმელსა და სხვა აგრეგატებში ჩასატვირთი მასალების ნარევი, მოცემული ქიმიური შემადგენლობისა და თვისებების მქონე საბოლოო პროდუქტების მისაღებად);
  • ხარშვა (ხარშვის სტადიებია: სილიკატწარმოქმნა, მინაწარმოქმნა, გაკამკამება, ჰომოგენიზაცია);
  • მინამასის გაცივება;
  • ნაკეთობების დაყალიბება;
  • მოწვა;
  • დამუშავება.

რატომ არის მინის ტარა სხვადასხვა ფერის?

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ მინის ტარა ზოგჯერ უფერო და გამჭვირვალეა, ზოგჯერ –  ფერადი და ნაკლებად გამჭვირვალე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დანიშნულება აქვს კონკრეტულ მინის ჭურჭელს და რა პროდუქტი უნდა დაფასოვდეს მასში.

ზოგადად, დაკონსერვებული ბოსტნეულისთვის, ხორცისა და თევზისთვის, ხილის კომპოტებისა და ჯემებისთვის უმეტესად გამოიყენება გამჭვირვალე და უფერული მინის ქილები და ბოთლები (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ხილს, მაგალითად, ჟოლოს, მარწყვს და შავ მოცხარს, აუცილებლად მინის ჭურჭელში აფასოებენ). ამის მიზეზი კი, მინის ჭურჭლის სხვა უპირატესობებთან ერთად, ის არის, რომ გამჭვირვალე მინის ტარაში მომხმარებელი კარგად ხედავს, თუ რა მდგომარეობაშია დაკონსერვებული პროდუქტი და ნდობის ხარისხი იზრდება.

მეღვინეობაში კი უფრო აქტუალურია მუქი მინის ტარა. მაგალითად, ღვინისა და შამპანურისთვის გამოიყენება ზეთისხილისფერი ან მწვანე მინის ბოთლები, რათა დაიცვან პროდუქტი ულტრაიისფერ სხივებისგან და დაჟანგვისგან. ბოთლის მუქი ფერი ღვინოს მზის სხივებისა და სინათლის ზემოქმედებისგან იცავს.

მინის ჭურჭლის გამორჩეული თვისებები:

ნებისმიერი მასალისგან გაკეთებულ ტარას, რომელიც საკვები, პარფიუმერული, კოსმეტიკური თუ ფარმაცევტული პროდუქტის დაფასოებისთვის არის განკუთვნილი, თავისი განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს, თუმცა მინის დადებითი თვისებების დიდი კომპლექსი ბაზრის შესაბამის სეგმენტში ამ მასალის ლიდერობას განაპირობებს.

მინის წარმოების ექსპერტები განმარტავენ, რომ მინის ტარა საუკეთესოდ ინახავს სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის დაფასოებულ პროდუქტს.

ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს მინის ტარის შემდეგი თვისებები:

  • ინერტულია და ინარჩუნებს პროდუქტის თვისებებს – მინა არ მოქმედებს საკვები პროდუქტის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის გემოვნურ და არომატულ თვისებებზე, არ შედის რეაქციაში, ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას;
  • რეზისტენტულია სითბოს მიმართ, რაც შესაძლებელს ხდის პროდუქტების ცხლად შეფუთვას;
  • ახასიათებს მაღალი წყალ და გაზგაუმტარობა;
  • უძლებს მაღალ წნევას, რომელსაც, მაგალითად, ცქრიალა ღვინოში CO2 იწვევს;
  • მინის გამჭვირვალობა საშუალებას იძლევა, ვიზუალურად შეფასდეს შეფუთული პროდუქტის მდგომარეობა, ამის გამო კი მინის ტარაში დაფასოებული კონსერვები, სასმელები, მედიკამენტები თუ პარფიუმერია მომხმარებლის მეტ ნდობას იწვევს.
  • მინის ტარის გამოყენება შესაძლებელია რამდენჯერმე, რაც, საბოლოო ჯამში, ამცირებს წარმოებული პროდუქტის ღირებულებას.

და ბოლოს: მინის ტარის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მინის სხვადასხვა ზომის ქილებისა და, განსაკუთრებით, მინის ბოთლების დამზადება ექსკლუზიური დიზაინით – ეს მინის ჭურჭლის კიდევ ერთი დიდი უპირატესობაა. ასეთი შეფუთვა შეიძლება, წარმატებით იქნეს გამოყენებული, როგორც მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც გაზრდის გაყიდვების მოცულობას, გაამყარებს მწარმოებლის რეპუტაციას და აამაღლებს ბრენდის ცნობადობას.