ბლოგი

საინტერესო ფაქტები ღვინის ბოთლის შესახებ

იცით თუ არა, რომ:

უძველესი მინის ბოთლი, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია, დაახლოებით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 325-350 წლებით თარიღდება. ის 1867 წელს, დასავლეთ გერმანიაში, მდიდარი რომაელის სამარხში აღმოაჩინეს. ლიტრანახევრიან, მოყვითალო-მომწვანო ბოთლს დელფინის ფორმის ორი სახელური აქვს; ბოთლის ქვედა მესამედში გამჭვირვალე სითხე ასხია, ზემოთ კი – გასქელებული ნივთიერება, სავარაუდოდ – ზეითუნის ზეთი, რომელსაც ღვინოს თავზე ასხამდნენ, რათა ჰაერთან კონტაქტი აეცილებინათ.

მე-19 საუკუნის ბოლომდე მინის ბოთლებს ხელით ამზადებდნენ, ამიტომ მათი ზომა და მოცულობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. სწორედ ამ მიზეზით ბრიტანეთში, 1636 წლიდან 1860 წლამდე ჩამოსხმული ღვინის გაყიდვა აკრძალული იყო. ჭურჭელს მხოლოდ ღვინის შესანახად იყენებდნენ.
XX საუკუნის მეორე ნახევრამდე ღვინის ბოთლის მოცულობის ერთიანი სტანდარტი არ არსებობდა. მაგალითად, საფრანგეთში, ფრანშ-კონტეს რეგიონში, იურას დეპარტამენტში, ამ დრომდე გამოიყენება ტრადიციული, 0,620 ლიტრის ტევადობის ბოთლი – კლაველინი. ვისკისთვის ხშირად გამოიყენებენ 0,700 ლ. მოცულობის ბოთლებს, ხოლო საბჭოთა კავშირში კავშირში 0,800 ლ ტევადობის ბოთლი გამოიყენებოდა. საბოლოო სტანდარტი, რომელიც 0,750 ლიტრით განისაზღვრა, 1975 წელს ევროკავშირში და 1979 წელს შეერთებულ შტატებში მიიღეს.

სქელკედლებიანი და მუქი მინის ბოთლები პირველად ინგლისში გაჩნდა. ეს მინის წარმოებაში მნიშვნელოვანი ტექნიკური ინოვაციის შედეგი იყო – ინგლისში 1611 წელს გამოიგონეს და დააპატენტეს მინის სადნობი ღუმელი ნახშირის საწვავზე. ამან, თავის მხრივ, შესაძლებელი გახადა დნობის ტემპერატურის ზრდა და, მყიფე მინის ნაცვლად, გაცილებით მტკიცე მინის დამზადება. 1620-1630 წლებში მინის წარმოების ახალი ტექნოლოგია მთელს ევროპაში გავრცელდა. მე-17 საუკუნის ბოლოს ღვინის ბოთლი უკვე იშვიათობას აღარ წარმოადგენდა.

მინის ბოთლის გამოგონების საწყის ეტაპზე ათასობით განსხვავებული ფორმა არსებობდა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამის მიზეზი ის იყო, რომ ღვინის ბოთლის ფორმის მიხედვით შეიძლებოდა გარკვევა, თუ რომელი რეგიონის ღვინო ესხა მასში. იმ დროს კი, მოსახლეობის უმეტესობა წერა-კითხვის უცოდინარი იყო და, ეტიკეტის ნაცვლად, ინფორმაციას სწორედ ღვინის ბოთლის ფორმით იღებდა.

მინის ბოთლის წარმოების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ამასთან, მცდარი შეხედულებაა ის, რომ მინის გატეხილი ბოთლის გადნობის შედეგად ახალი ბოთლის დამზადება შეიძლება. სინამდვილეში, მინის ნატეხები საწყისი ნედლეულის მხოლოდ 30% შეიძლება იყოს. თუკი ამ მოცულობის გადაჭარბება მოხდება, ეს ხარისხის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს;

ყველაზე გავრცელებული 0,750 ლიტრიანი სტანდარტის გარდა, ღვინისთვის ბევრი სხვა ზომის მინის ბოთლების დამზადება ხდება. ღვინის ბოთლის ზომები შეიძლება იყოს 175 მლ-დან (ბოთლის მეოთხედი) 30 ლიტრამდე მოცულობით;

მსოფლიოში ყველაზე დიდი ღვინის ბოთლი სიმაღლეში 4 მეტრია და 3,094 ლიტრ ღვინოს იტევს. ეს ბოთლი, რა თქმა უნდა, გინესის რეკორდების წიგნშია შესული და შვეიცარიელ ანდრე ვოგელის ეკუთვნის;

თანამედროვე ტექნიკური სტანდარტები მინის ბოთლების დამზადებისას მწარმოებლებისგან დიდ სიზუსტეს მოითხოვს, რაც ხელნაკეთი ბოთლების ეპოქაში მიუწვდომელი იყო. სტანდარტების მიხედვით, ღვინის ბოთლის ფორმის გადახრა იდეალური გარშემოწერილობიდან მილიმეტრზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო ვერტიკალური გადახრა – 1.5 მილიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ბოთლმა უნდა გაუძლოს მექანიკურ დატვირთვას და ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას -40 გრადუსამდე.

ახლა ამის წარმოდგენა, ალბათ, რთულია, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისამდე ყველა მინის ბოთლი ხელით მზადდებოდა. მხოლოდ 1895 წელს ამერიკელი ინჟინრის მაიკლ ოუენსის მიერ გამოგონებული ტექნოლოგიის შედეგად მინის ტარის წარმოება ავტომატიზებული გახდა. მაიკლ ოუენსის ნახევრად ავტომატურ აპარატს წუთში 40 ბოთლის წარმოება შეეძლო. წარმოიდგინეთ, რა საფრთხეს შეიცავდა ეს ნახევრად ავტომატური მანქანა მინის სხვა მწარმოებლებისთვის. გერმანიის მინის მწარმოებელთა ასოციაციამ ოუენსისგან პატენტი 12 მილიონ გერმანულ მარკად (!) შეიძინა, რათა მაქსიმალურად შეეშალა ხელი დანადგარების ფართო გავრცელებისთვის. ამის მიუხედავად, ოუენსის მანქანებმა ნელ-ნელა მთელს ევროპაში მოიკიდა ფეხი და მათი ხარისხი ისეთი იყო, რომ მეოცე საუკუნის 70-იანი წლებამდე მოაღწია;

გავრცელებული მითის მიუხედავად, ბოთლის შეზნექილი ძირის სიღრმეს და ფორმას ღვინის ხარისხთან კავშირში არ აქვს. ეს ჩაღრმავება, რომელსაც პუნტი ეწოდება, წარსულში ტექნოლოგიური აუცილებლობით იყო გამოწვეული, ახლა კი, უმეტესად, დიზაინის ელემენტია.

ყველაზე პოპულარული ღვინის ბოთლები

დღეს მსოფლიოში ღვინის ბოთლის უამრავი სხვადასხვა ფორმა არსებობს. მათგან ყველაზე გავრცელებულია:

  • ბოთლი ბორდო – ეს არის მაღალი, ცილინდრული ფორმის ბოთლი, სწორი კედლებით და „ჯანიანი“ მხრებით. ბორდოული ბოთლების დამზადება ხდება როგორც ზეთისხილისფერი და მწვანე, ისე გამჭვირვალე მინისგან. მათში ყურძნის კლასიკური ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოს ასხამენ. მწვანე ბორდოული ბოთლები განკუთვნილია უმეტესად მშრალი წითელი ან თეთრი ღვინისთვის, ხოლო გამჭვირვალე ბორდოული ბოთლები ძირითადად ტკბილი, ნახევრად-ტკბილი და ვარდისფერი ღვინისთვის გამოიყენება. ამ ბოთლში ისხმება ბორდოს რეგიონის ყველაზე ცნობილი წითელი ღვინოები – კაბერნე და მერლო;

  • ბოთლი ბურგუნდია – ისინი ძირისკენ ბორდოულ ბოთლებზე განიერია და დახრილი მხრები აქვს. კლასიკური სილუეტის ბოთლი ხშირად გამოიყენება მუხის კასრებში დავარგებული ღვინოებისთვის. რა თქმა უნდა, ამ ბოთლში ისხმება ბურგუნდიის რეგიონის ასე სახელგანთქმული პინოსა და შარდონეს ჯიშის ყურძნისგან დამზადებული თითქმის ყველა ღვინო;

  • ბოთლები ცქრიალა ღვინოებისთვის – ფორმით ბურგუნდიას წააგავს, თუმცა უფრო განიერი, სქელკედლიანი და მძიმე ბოთლებია. სქელი კედლები მაღალ წნევის გასაძლებადაა საჭირო. ცქრიალა ღვინო ბოთლში 5-6 ატმოსფერო წნევას წარმოქმნის, რაც ავტომობილის საბურავის წნევაზე დაახლოებით სამჯერ მეტია.